Accentnews.ge
დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს

დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს

15/01/2025 05:51:35 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს. ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.

"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან საუბრისას.

ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ.

პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ექიმმა თაკო შანთაძემ ბათუმის კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნათია მეზვრიშვილმა გვიან ღამით ფეისბუკზე დაწერა, რომ „შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”.

ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა პირადად "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

დღეს დილით მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი "პოსტი" დაწერა:

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ".

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S