15-01-2025 10:13:43 პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ სასტუმრო „შერატონში“, სადაც თანაპარტიელ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
„აქ ვიყავი და ვნახე პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში. მე ვფიქრობ, გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება. ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ „შერატონის“ ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის [ვიდეომტკიცებულებების] განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის „გაუტარებს“ იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ექიმმა თაკო შანთაძემ ბათუმის კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.