
გახარია: ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად ვარ, დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა
15/01/2025 07:04:01 პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.
დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ექიმმა თაკო შანთაძემ ბათუმის კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.