
გერმანიის ელჩი: პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
15/01/2025 08:02:20 პოლიტიკა
პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სამწუხარო დღე საქართველოში. ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს“, - წერს პიტერ ფიშერი.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინვე, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს. ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.
"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან საუბრისას.
ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.