
საია – პროკურატურას: დროულად განახორციელეთ დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნა
15/01/2025 08:05:32 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას დროული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.
"საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა კი, ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.
ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს პროკურატურას: სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა“,- ნათქვამია განცხადებაში.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინვე, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს. ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.
"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან საუბრისას.
ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.