
როთი - გახარიაზე თავდასხმაზე: დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ
15/01/2025 08:10:27 პოლიტიკა
„ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.