Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი – აბუ-დაბისა და ბათუმში მომხდარზე: გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე

სალომე ზურაბიშვილი – აბუ-დაბისა და ბათუმში მომხდარზე: გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე

15/01/2025 10:31:08 პოლიტიკა

საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ „რეპრესიების ახალი ტალღაა დაწყებული“.

„დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა - დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ხმარობს ყველა საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე - და დღესაც ახასიათებს - რუსულ, პუტინის რეჟიმს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ამის მაგალითია აბუ-დაბიში მოქალაქეზე თავდასხმა დეპუტატების მხრიდან და ბათუმში ექს–პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა:

„ამის ერთი მაგალითია, რაც მოხდა აბუ-დაბიში ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, გააჩნიათ მოთმინების ვალდებულება. მაგრამ არ ჩანს ეს მოთმინება. პირიქით, როგორც ჩანს, დეპუტატები არიან პირდაპირ - ინსტრუქციები აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება, არ ვიცი - გამოყენებულნი ამ ძალადობაში, რაც არის სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ იმ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. [ამის მაგალითია] ასევე, ის რაც მოხდა ამ ღამეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველას ეხება ეს. არ შეიძლება არავის მიმართ ძალადობა. ასეთი მცდელობა, საზოგადოება დააშინო, მიუღებელია“.

მისი თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს.

„დღეს სწორედ ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება არის შემართებით და იცის, რა უნდა და რა არ უნდა. საქართველო არ დათანხმდება იმაზე, რომ ბოლომდე გადაიქცეს რუსულ რეჟიმად. ამისთვის საქართველო იბრძვის. იბრძვის მშვიდობიანად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მიმართა ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს:

„მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს - ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირებისა, - ყოველ შემთხვევაში, ამით დაგვაშინოს - რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არის რეჟიმი ერთ მხარეს და საზოგადოება მეორე მხარეს. არსებობს საზოგადოება და ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, ვინც თავის თავს ნებას აძლევენ, გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს“.

ცნობისთვის: 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას.

13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმროში, საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. „საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S