15-01-2025 16:32:43 საზოგადოება
ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერის მეგი ჟღენტის განცხადებით, სამეთვალყურეო კამერების სრულ ჩანაწერებს, რომლებშიც ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე 14 იანვარს განხორციელებული თავდასხმა, შესაბამის უწყებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ.
როგორც მან ჟურნალისტებს 15 იანვარს უთხრა, "არაფერი წაშლილი არ არის" და ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება.
კითხვაზე, რატომ დაასუფთავეს შემთხვევის ადგილი პოლიციის მისვლამდე, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ "გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უშუალოდ დალაგება-დასუფთავების სამსახურმა მიიღო, არ მოსულა ზემოდან განკარგულება".
"შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები შემოდიოდნენ და დასუფთავების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება... პოლიცია მოვიდა გვიან და ამიტომ დასუფთავდა", – განაცხადა მან.
მეგი ჟღენტის თქმით, ჩანაწერს ხმა არ აქვს. მანვე თქვა, რომ "იყო შელაპარაკება", თუმცა არ უპასუხია კითხვაზე, ვინ დაიწყო ის.
დღეს, 15 იანვარს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირება. პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც ბათუმში სასტუმრო "შერატონში" იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ "იმედის" გავრცელებული კადრები არის დაჭრილი და დამონტაჟებული.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, სასტუმროს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებისა და შენახვის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართეს.
ცნობისთვის: პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.