
კიევმა "ოცნების" ხელისუფლების აღიარების საკითხში საკუთარი პოზიცია განასაჯაროვა
15/01/2025 14:09:04 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არ მოიხსენიებს და განმარტავს, რომ ამ საკითხში უკრაინა ევროკავშირის პოზიციას უერთდება.
როგორც მან გამოცემა "ევროპეისკაია პრავდასთან" ინტერვიუში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვის მიიჩნევს ოფიციალური კიევი საქართველოს პრეზიდენტად, "უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და აღიარებს სახელმწიფოებს და არა ლიდერებს".
"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც უამრავ დარღვევას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ასევე ვგმობთ მმართველი ძალის რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყურადღებით შევისწავლეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ მრავალრიცხოვან დარღვევებზე. მისიის მთავარი რეკომენდაცია კი ახალი არჩევნების ჩატარებაა პრობლემების ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად. . ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის - რუსეთს, არ აქვს ვეტოს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანთან, ამა თუ იმ საერთაშორისო კავშირებსა და ალიანსებში ქვეყნის მონაწილეობასთან მიმართებაში! უკრაინამ ერთ-ერთმა პირველმა დააწესა სანქციები საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ. დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, სტანდარტებით ხელმძღვანელობა - ეს ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელსაც მაიდანი აქვს გამოვლილი, ლიტონი სიტყვები არაა. ამდენად, არ მჯერა არც წარმატებული ხელისუფლებების ან მართვის მოდელების, რომლებიც მოქალაქეთა ნებას ეწინააღმდეგებიან. ასევე გვწამს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვაა" - განაცხადა სიბიგამ.
ცნობისთვის: "ოცნების" მიერ 29 დეკემბერს ინაუგურირებულ მიხეილ ყაველაშვილს ამ დრომდე საქართველოს მეზობლების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) გარდა, მხოლოდ ჩინეთმა, ბელარუსმა, სერბეთმა და უნგრეთმა მიულოცეს.