
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა
15/01/2025 14:55:07 პოლიტიკა
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ კეჟერაძემ, თანამდებობა დატოვა.
ფაქტი “აჭარა თაიმს” თემურ კეჟერაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი “გადაღლა” გახდა.
უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი კატეგორიულად უარყოფს, რომ გადაწყვეტილება ამავე დაწესებულების დეკანისა და ოთხის სტუდენტის დაკავების ფაქტს უკავშირდებოდეს.
“გადავიღალე, ასაკში ვარ და რავიცი ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. სხვა არაფერს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან" საუბრისას თემურ კეჟერაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი, 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 5-ვე პირს გამოძიება, 3 დეკემბერს უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე აქციის დროს, ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის ცემას ედავება, რომელმაც მათ რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრის უფლება არ მისცა.