
კობახიძე: "როცა გამხელენ, რომ ხარ "ნაცი", თმენით უნდა შეხვდე, გახარიამ ვერ მოითმინა და მიიღო პასუხი"
15/01/2025 16:44:43 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პრემიერი–მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას მის თანაგუნდელზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება. როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“, ხარ „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. როცა ხარ „ჯაშუში“ და როცა ხარ „ნაცი“, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ "გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია".
"ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია (სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი)... შენ რომ ესხმი თავიდან, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, თუნდაც თავდაცვის მიზნით, თავს ხო არ გაალახინებ. თავი უნდა დაიცვა“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.