
ირაკლი კობახიძე – მზია ამაღლობელზე: "ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი"
15/01/2025 16:57:41 პოლიტიკა, საზოგადოება
„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" თანადამფუძნებელს და დირექტორს მზია ამაღლობელს „ე.წ. ჟურნალისტს" და "პარტიულ აქტივისტს" უწოდებს.
"ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას ყველა ფაქტთან მიმართებით. არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცოტა ხნის წინ "საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
ორგანიზაციის ცნობით, "დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ,,ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით".
- "მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
საია მოუწოდებს:
- სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.
- დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს", – აცხადებენ საია–ში.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. დღეს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.