
TI: „შერატონ ბათუმი“ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმაა აღბეჭდილი
15/01/2025 19:24:06 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ცნობით, „შერატონ ბათუმი“ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმაა აღბეჭდილი".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.