
მომავალი სახელმწიფო მდივანი: აშშ–სთვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიების პროპაგანდა სხვა ქვეყნებს შიგნით
16/01/2025 05:54:05 მსოფლიო
შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც 20 იანვრიდან ენტონი ბლინკენს ჩაანაცვლებს, აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისათვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიები.
15 იანვარს აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე მარკო რუბიომ დეზინფორმაციასთან ერთად აშშ-ის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების თეორიების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, იგი თავადაც არაერთხელ ყოფილა უცხოური დეზინფორმაციის სამიზნე „მრავალი ქვეყნის მხრიდან“.
- „დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა არის თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა, რათა საპირისპირო მოსაზრებები და შეხედულებები იქნას მოსმენილი და გაგებული. სხვათა შორის, [პრობლემა] მხოლოდ დეზინფორმაცია არ არის. [პრობლემაა] შეთქმულების თეორიების პროპაგანდა სხვა ქვეყნებს შიგნით, - რაც გავლენას ახდენს სხვა ქვეყნების შეხედულებებზე შეერთებული შტატების შესახებ, - რაც ჩვენ ძირს გვითხრის, ძირს უთხრის ჩვენს პოზიციას, მაგალითად, აფრიკაში. ამას ასევე ვხედავთ დასავლეთ ნახევარსფეროში“, - განაცხადა რუბიომ.
მან ისაუბრა აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციასთან და შეთქმულების თეორიებთან ბრძოლის გზაზეც:
„ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის, ჩანდე, ადგილზე იყო, რათა აჩვენო, რას ვაკეთებთ და დავიკვეხნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ“.
- „რაც ყველაზე მეტად მაწუხებს: არსებობს პროგრამები, რასაც USAID – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - [აფინანსებს], მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ მივუთითოთ, „დამზადებულია ამერიკაში“, ან „საჩუქრად ამერიკელი ხალხისაგან“, რადგან ლოკალურ დონეზე ვიღაცა შეიძლება, ამით შეურაცხყოფილი დარჩეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატები მათი საზოგადოებების მხარდასაჭერად. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვუწევთ პოპულარიზაციას იმას, თუ რა გვიკეთებია წლების განმავლობაში და რასაც ვაგრძელებთ მსოფლიოს გარშემო ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნება“ ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“.
შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტიაა" დამყარებული აქვს კონტროლი აშშ-ის ხელისუფლებასა და ევროკავშირზე და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობს. ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ „დიპ სტეიტით“ ჩაანაცვლა.