
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ბრიტანელმა დეპუტატმა წინადადება წარადგინა
16/01/2025 06:33:16 პოლიტიკა
ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას იგი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
"აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”, – წერს იგი და დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, "პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას".