
დღეს აზერბაიჯანში მაკა ბოჭორიშვილი მიემგზავრება, ხვალ კი ირაკლი კობახიძე
16/01/2025 07:47:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს 16 იანვარს ეწვევა, „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კი - 17 იანვარს.
საგარეო უწყების მიერ 16 იანვარს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ამ რანგში დღეს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
იგი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
„მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ირაკლი კობახიძის 17 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ, აზერბაიჯანში თავისი ვიზიტის შემდეგ იქაურ მედიასთან საუბრისას.
ვიზიტის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთ-ერთია იმ ლიდერებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.