
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე მასშტაბური ხანძარია
16/01/2025 07:56:44 მსოფლიო
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე მასშტაბური ხანძარია. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“.
პირველი ცნობა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის და ნავთობის ბაზაზე ხანძრის შესახებ გუსევის ტელეგრამ-არხზე 16 იანვარს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდა.
დილით გუბერნატორმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში ვორონეჟის ოლქის სამ რაიონს შეუტიეს 10-ზე მეტი დრონით, რომელთა „უდიდესი ნაწილი მოდის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე“.
გუბერნატორის თქმით, „რამდენიმე რეზერვუარში ცეცხლს ებრძვიან მეხანძრეების გაძლიერებული რაზმები ათეულობით ტექნიკით, ორი სახანძრო მატარებლით და დამატებითი ძალებია გაგზავნილი მეზობელი რეგიონებიდან".
გუსევის ინფორმაციით, "არავინ დაშავებულა, წინასწარი მონაცემებით, მოქალაქეების ქონება არ დაზიანებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება".
ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და სამხედრო ობიექტებს.