
სიჭინავა „შერატონს“კადრების გადაცემას სთხოვს: „ოცნება“ თავდამსხმელების მსხვერპლად გამოყვანას ცდილობს, გადმოგვეცით კადრები"
16/01/2025 11:29:22 პოლიტიკა
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სასტუმრო „შერატონს“, სადაც ექს–პრემიერ გიორგი გახარიას სცემეს, კადრების გადაცემას სთხოვს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს თავდამსხმელთა მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში“.
„გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს, იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.
ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას.
რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!,“ - განაცხადა სიჭინავამ.
15 იანვარს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირება. პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც ბათუმში სასტუმრო "შერატონში" იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ "იმედის" გავრცელებული კადრები არის დაჭრილი და დამონტაჟებული.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე თავდასხმაში დაადანაშაულა:
„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ეს ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია (სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი)... შენ რომ ესხმი თავიდან, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, თუნდაც თავდაცვის მიზნით, თავს ხო არ გაალახინებ. თავი უნდა დაიცვა“.