
მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
16/01/2025 12:53:31 საზოგადოება
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორისთვის მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს.
ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
15 იანვარს "საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
ორგანიზაციის ცნობით, "დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ,,ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით".
"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
საია მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.
დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს", – აცხადებენ საია–ში.