16-01-2025 17:04:25 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის (PACE-ს) წევრებმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“.
„ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი“, - თქვა ადვოკატმა.
PACE-ს წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე მონიტორინგის მისიის ფარგლებში ეწვივნენ.
როგორც PACE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
15 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრებს. 16 იანვარს ისინი ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომელებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.