
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია
16/01/2025 16:20:20 პოლიტიკა
შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოიძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.