Accentnews.ge
ხიდაშელი: „ივანიშვილის მიერ აშშ-ში მივლენილ ბახტაძეს არაფერი გამოუვიდა - არც დავოსისა და მიუნჰენის, არც ინვესტიციების კუთხით"

ხიდაშელი: „ივანიშვილის მიერ აშშ-ში მივლენილ ბახტაძეს არაფერი გამოუვიდა - არც დავოსისა და მიუნჰენის, არც ინვესტიციების კუთხით"

16/01/2025 16:59:33 პოლიტიკა

თავდაცვის ექს-მინისტრ თინა ხიდაშელის მონაცემებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ფაქტობრივ მმართველს, სანქცირებულ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე ჰყავს მივლენილი გარკვეული მისიით, რომელიც მან ვერ შეასრულა.

"ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილს ბატონი ბახტაძე ჰყავს მივლენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე ერთი თვეა, იქაა. მას დავოსის საერთაშორისო ფორუმზე ბიზნესურთიერთობების გააქტიურება და პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის გარშემო მყოფი ბიზნესმენების თუნდაც მცირე თანამონაწილეობით შექმნილი კომპანიების საქართველოში შემოყვანა უნდა უზრუნველეყო. უამრავი ფული დახარჯეს ამ ლობირებაში, რაც არ გამოუვიდათ - აქედან არავითარი შედეგი არ დადგა" - განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, ბლეფია "ოცნების" წარმომადგენლების მტკიცებები, თითქოს მათ არ აღელვებთ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის აშშ-ის პოზიცია:

"ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ "არ აინტერესებთ", "არ აღელვებთ", რას ამბობს მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა, რა განცხადებები კეთდება ვაშინგტონში და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი ბლეფია, ეს პოზა უკავიათ, სინამდვილეში კი უამრავ ფულს ხარჯავენ დამატებითი ლობირების მექანიზმებში. უკვე დახარჯეს იმისათვის, რომ მიეღოთ მოსაწვევები ტრამპის ინაუგურაციაზე, დავოსის ფორუმზე, მიუნხენის კონფერენციაზე, რაც არ მოხდა. მიუნხენის კონფერენცია წელს იქნება პირველი, რომელზეც საქართველოს საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეული - არ მახსენდება დღე და წელი, აქამდე ოდესმე რაიმე მსგავსი მომხდარიყოს! "ოცნების" ამ კრახის მიზეზი მარტივია: არსებობს ღირებულებითი სისტემა იმ ხალხისთვის, ვინც ამ ღონისძიებების ორგანიზებას აკეთებს, "ქართული ოცნების" დღევანდელი მმართველობა კი საფუძველში ურტყამს ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ცხადია, იმ დიდ საერთაშორისო მაგიდასთან მისი ადგილი ვერ იქნება".

ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საქართველო 2025 წელს ვერც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ვერც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რადგან არც ერთ ფორუმზე მიუღია მიწვევა, არც მეორეზე, თუმცა „მიწვევა რომც მიიღონ, არ წავლენ“.

ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს. დავოსი ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმია, რომელიც 50 წელიწადზე მეტია, იმართება და მისი მიზანი საერთაშორისო ეკონომიკური დიალოგების წარმართვაა. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები. ფორუმს, როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 3 000 წარმომადგენელი 130 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S