
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საპროტესტო აქცია გაიმართა: "თავისუფლება მზია ამაღლობელს"
16/01/2025 18:39:23 საზოგადოება
თბილისში, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა სატელევიზიო ეთერის მოთხოვნით. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელის, ასევე პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
"თავისუფლება მზიას", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დაუთმონ ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს. ჩვენ გვქონდა მცდელობა კომუნიკაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სამწუხაროდ, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამიტომ აქედან მივმართავ კიდევ - ჩვენ კოლეგები ვითხოვთ, ჩვენი დაკავებული კოლეგის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ეთერს სტუდიაში სასაუბროდ, სირცხვილია ამის თხოვნა რომ გვიწევს აქციის ფორმით. ამას ისინი ისედაც უნდა აკეთებდნენ", - განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტერიტორიის დატოვებისა და რუსთაველის გამზირამდე მარშით მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ხვალინდელი ეთერის დათმობის პირობა მიიღეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა ხვალ დილიდან დაუკავშირდებიან ეთერის დასაგეგმად.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
15 იანვარს "საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.
ორგანიზაციის ცნობით, "დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ,,ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით".
"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
საია მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.
დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს", – აცხადებენ საია–ში.