
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტისას, მათ შორის მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
17/01/2025 09:52:19 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით მასპინძლობს, მათ შორის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ბაქოში ყოფნა:
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიკური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა".
მისი თქმით, "რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას".
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უდავოა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 16 აინვარს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. მხარეებმა, მათ შორის ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში დღეს, 17 იანვარს ჩავიდა. ეს აზერბაიჯანში მისი პირველი ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეთა ნაწილი. 51–ე დღეა, მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ საქართველოში.
აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.