17-01-2025 14:19:34 ევროპა
რამდენიმე რუსმა დიპლომატმა, რომლებიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ექსკურსანტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ, ლორდთა პალატის შენობაში შეაღწიეს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა Guardian პარლამენტში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ბრიტანული საკანონმდებლო ორგანოს შენობის ამ ნაწილში უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. დაკავებული რუსი დიპლომატები შენობიდან დაცვის სამსახურმა გააძევა.
ირკვევა, რომ ინციდენტი, რომლის შესახებაც ბრიტანულმა გამოცემამ 16 იანვარს დაწერა, შობის წინ მოხდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 25 დეკემბერს აღნიშნეს.
Guardian-ის წყაროს ვარაუდით, რუს დიპლომატებს "უბრალოდ სურდათ კრემლის წინაშე თავის მოწონება იმით, რომ „ბრიტანეთის პარლამენტში შეაღწიეს”. ყველა შემთხვევაში, ისინი "რაიმე ზიანის მიყენებამდე გამოიჭირეს".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ გაურკვეველია, რუსი დიპლომატები ექსკურსიაზე პარლამენტის რომელიმე თანამშრომელმა ან დეპუტატმა მიიწვია, თუ თავად იყიდეს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბილეთები. თუმცა ინციდენტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტის ორივე - თემთა და ლორდთა პალატების წევრებს გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი, რუსი დიპლომატები პარლამენტის შენობაში კერძო წესითაც კი აღარ მიიწვიონ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლონდონს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია, 2022 წლის მარტიდან რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ტერიტორიაზე პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებული. თავის დროზე ეს წერილობითაც აცნობეს რუსეთის ელჩს.
პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორივე პალატის სპიკერებმა აკრძალვა კიდევ ერთხელ შეახსენეს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს.