Accentnews.ge
ალიევი –კობახიძეს: ბოლო ათ თვეში მესამედ გმასპინძლობთ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ

ალიევი –კობახიძეს: ბოლო ათ თვეში მესამედ გმასპინძლობთ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ

17/01/2025 10:42:48 პოლიტიკა

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ", – ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ბაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით მასპინძლობს.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან ღრმა და არსებითია.

"ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა, "ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევმა.

გუშინ, 16 აინვარს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. მხარეებმა, მათ შორის ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში დღეს, 17 იანვარს ჩავიდა. ეს აზერბაიჯანში მისი პირველი ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეთა ნაწილი. 51–ე დღეა, მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ საქართველოში.

აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S