სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება

17-01-2025 14:49:52 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია იმართება. მოქალაქეთა ჯგუფი აპროტესტებს ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის საჯარო განცხადებებს, რომელიც პროევროპულ აქციებთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

დემონსტრანტებმა მიიტანეს პროევროპული აქციების იმ მონაწილეების ფოტოები, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პლაკატებზე იყო წარწერები: „რეჟიმის დამცველი“, „სახალხო დამცველი - რეჟიმის დამცველი“.

„საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, ხოლო სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი უფლებების მთავარი დამცველი უნდა იყოს, რეჟიმის დამცველად იქცა!.. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ დუმილი – ეს უსამართლობის გამართლებაა! ამ ქმედებით, ლევან იოსელიანი ხდება მოძალადე რეჟიმის თანამონაწილე“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ამავე თემაზე: მიქელაძე იოსელიანს პასუხობს: სახალხო დამცველმა რეჟიმთან კოოპტაცია დაიწყო?! აპარატმა მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს.

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეთა ნაწილი და დასავლური ქვეყნების უმეტესობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები