Accentnews.ge
კობახიძე – ტრამპის ინაუგურაციაზე: კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ

კობახიძე – ტრამპის ინაუგურაციაზე: კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ

17/01/2025 14:42:52 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, რომელიც აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ, აცხადებს, რომ ინაუგურაციას "არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები", ხოლო „კონკრეტული პოლიტიკოსები“ აშშ-ში ცერემონიაზე მიდიან, რათა „220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ“.

"პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი, ეს არის ოფიციალური მონაცემი, რაც არის გამოქვეყნებული და ინაუგურაციას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებიან. მას ესწრებიან ამომრჩევლები და კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული, როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ღონისძიება. თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, ეს არის მათი არჩევანი.

იქედან გამომდინარე, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის უცხოელი პოლიტიკოსების ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა კობახიძემ.

ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.

POLITICO–ს ცნობით, ინაუგურაციაზე მიწვეულნი არიან, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რომელიც დაესწრება ღონისძიებას; იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი ადმინისტრაციის ცნობით, თუკი პრემიერის დღის წესრიგი საშუალებას მისცემს, დაესწრება ინაუგურაციას; სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე; ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა, თუმცა დადასტურებული არ აქვთ, რომ დაესწრებიან; პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი; ბრიტანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S