
უილსონი: მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი
17/01/2025 14:55:23 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოწოდებს. ამის შესახებ უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე”, - წერს უილსონი.
16 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა ბრიტანელი დეპუტატის მიერ "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით წინადადების წარდგენის ფაქტს.
განცხადებაში, რომელშიც რამდენჯერმეა ნახსენები „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“, აღნიშნულია, რომ „დიფ სთეითმა“ ბრიტანეთი თავის მორიგ სათამაშოდ აქცია".
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნება“ ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“.
შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტიაა" დამყარებული აქვს კონტროლი აშშ-ის ხელისუფლებასა და ევროკავშირზე და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობს. ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ „დიფ სთეითით“ ჩაანაცვლა.