18-01-2025 01:38:05 პოლიტიკა ,სამართალი
დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების წინადადებას ამ დროისთვის ხელს 18 პარლამენტარი აწერს.
ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით 15 იანვარს მიმართა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ბრიტანეთის მიერ ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრთა დასანქცირების შემთხვევაში სანქციებს 95-ზე მეტი კომპანია დაექვემდებარება, მათ შორის - "ქართუ ბანკი"; ფონდი "ქართუ"; "გალერეა თბილისი"; "აქსის თაუერსი"; "ჰიდელბერგ ცემენტი", რომელსაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის - "ტვ იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს; საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები "პარაგრაფი" თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს; რუსული შპს "აკვა სფეისი", რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს და სხვა.
საქმე ისაა, რომ ბრიტანული სანქციები მათი დაწესების შემთხვევაში ავტომატურად ვრცელდება ბრიტანულ ოფშორებზეც, მათ შორის - ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე, ივანიშვილების ქონების დიდი ნაწილი კი სწორედ იქაა რეგისტრირებული.