Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა

18/01/2025 07:15:07 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით რესპუბლიკელების ოფიციალურ წინასაინაუგურაციო შეხვედრას დაესწრო და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.

ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ მაღალჩინოსნებს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა წარუდგინა, რომელმაც მოგვიანებით ამის შესახებ სოცქსელში მორიგი პუბლიკაცია განათავსა.

"მადლიერი ვარ შესაძლებლობის გამო, გამეერთიანებინა ორი უდიდესი პატრიოტის - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მინისტრ მარკო რუბიოს ძალისხმევა საქართველოსა და აშშ-ს შორის მყარი ურთერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანიული რეჟიმის დასამარცხებლად" - წერს უილსონი.

20 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისადმი მისი მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია.

"მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემი სახით საქართველო არის წარმოდგენილი ამ ინაუგურაციაზე. არ შეიძლება, რომ ქვეყანას ჰყავდეს დასანქცირებული ხელისუფლება, როგორებიც უკვე არიან მისი მთავარი წარმომადგენლები. არ შეიძლება, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი იყოს მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე. ეს მხოლოდ არჩევნების საკითხი აღარ არის. ესაა საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან, რომელსაც აღარ აქვს არც ერთი ნიშანი დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის და ვერ ექნება ვერც ერთი პრეტენზია, რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის, - ესაა ჩემი მთავარი გზავნილი აქ, შეერთებულ შტატებში" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S