
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“: „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ოპერატორი უნდა გაათავისუფლონ
18/01/2025 08:37:36 საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) აცხადებს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ოპერატორი გურამ მურვანიძე უნდა გაათავისუფლონ და ასევე, გამოკვეულ იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება".
„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არაპროპორციულად ჩანს და აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მისი დევნის გამოყენება სურთ მის მიერ მართული მედიასაშუალებების გასაჩუმებლად“, - აცხადებს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი გულნოზა საიდი.
გურამ მურვანიძე - „ბათუმელების“ რეპორტიორი და ოპერატორი - ბათუმში ადმინისტრაციული წესით 11-12 იანვრის საღამოს დააკავეს და 14 იანვარს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავებისას მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელსაც უთხრა, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის დგებუაძის მითითებით დააკავეს.
როგორც CPJ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „ამაღლობელი [იმ ღამით], როცა დააკავეს, პროტესტს არ აშუქებდა, მაგრამ მისი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და მისთვის წაყენებული ბრალი არის სადამსჯელო პასუხი მისი გამოცემის მიერ ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების, მათ შორის, პოლიციის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ, გადამეტების რეგულარული გაშუქების გამო“.
ცნობისთვის: გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.