იურისტი გურო იმნაძე მზია ამაღლობელის საქმეზე ომბუდსმენის პოზიციას აკრიტიკებს

18-01-2025 16:36:27 პოლიტიკა ,სამართალი

იურისტი გურო იმნაძე მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის პოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამაღლობელის საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მეორეხარისხოვანი პრობლემაა, მთავარი სამართლებრივი ნონსენსი კი მის მიმართ წაყენებული ბრალდებაა.

"სწორედ აქ უშვებს სახალხო დამცველი შეცდომას, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში. ცხადია, ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მხოლოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. უფრო სწორად, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი სამართლებრივი ნონსენსი აქ თვითონ ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს. სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.ამ შემთხვვაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მესმის, რომ ჩვენი სისლხის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი - სხვას.სახალხო დამცველიც სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მითუმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს" - წერს იმნაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: სახალხო დაცველ ლევან იოსელიანის შეფასებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მძიმე აღმვკეთი ღონისძიება გამოიყენა, რისი აუცილებლობაც, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობდა და "მტკიცებულებების ფარგლებში უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი". ამის შესახებ იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"მოვამზადეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით, უფრო სკურპულოზურად შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ და ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამაღლობელის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული. შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო, შეთავაზებული იყო ამ ადამიანის პიროვნების გათვალისწინებით (რომ ქალია, რომ ყველა იცნობს, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ დგას...), შესაძლებელია ბევრად უფრო ნაკლები ზომა, რომ ეს არ იყოს პატიმრობა. ვწერთ, რომ [სასამართლოს გადაწყვეტილება] დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და [იმედი მაქვს, რომ] ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო... არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითო, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი, ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია, პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით... ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ის ადამიანი აღელვებული, ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული." - ამბობს იოსელიანი.

რაც შეეხება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაფურთხა, სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა და როგორც წყლის დალევის, ისე საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას უზღუდავდა, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მისმა ოფისმა ამასთან დაკავშიფრებით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. "მოვთხოვეთ, რომ შეისწავლოს დაკავების ეს ეპიზოდი, იმიტომ, რომ ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი, ეს სრულიად წარმოუდგენელია და არის ყველა საზღვარს მიღმა" - დასძინა სახალხო დამცველმა.

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები