18-01-2025 19:10:37 პოლიტიკა ,სამართალი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ საბა ბუაძის განცხადებით, მას და კოალიციის საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ რამაზ მანდარიას ცივი იარაღით შეიარაღებული ორი პირი დაესხა თავს.
მისივე თქმით, შსს-ს არ ამოუღია დანა, რომელიც თავდამსხმელებს ჰქონდათ.
როგორც ბუაძე განმარტავს, მომხდარ თავდასხმაზე სამართალდამცველებს მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ძლიერი საქართველოს საბურთალოს შტაბში. შეხვედრის დასრულების შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი და მე მივდიოდით ჩვენი მანქანისკენ, რა დროსაც ორი ადამიანი შემოგხვდა ჩემი სახელის ხსენებითა და ხმამაღალი გინებით. ამან გამოიწვია ეს ინციდენტი. მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოწურულა: ეს ხალხი ადგილზე რჩებოდა, განაგრძობდა ქვების სროლას... მათ მიერ ნასროლი ქვა მოხვდა თავში რამაზ მანდარიას... დანაც ამოიღეს, რომელიც ერთ-ერთს ხელიდან გაუვარდა - ესეც კარგად ჩანს კადრებში. აი, ასეთი დანა ჰქონდათ თან "შემთხვევით გამვლელ მშვიდობის მტრედებს"!" - აცხადებს ბუაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯერ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი - დანის ფოტოც.
პოლიტიკოსი ყვება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა, თუმცა იგი მათთან საათნახევრის განმავლობაში არ მისულა და არც შსს-ს თანამშრომლები გაჰსაუბრებიან.
"როგორ ჩანს, თავდამსხმელები დაზარალდნენ ამ ყველაფრის შედეგად და მათთან მივიდნენ პოლიციაც, სასწრაფოც. პოლიციელებმა მიაცილეს მერე სასწრაფოსთან და გააკეთეს ყველაფერი მათ გასამხნევებლად" - იხსენებს ბუაძე და იქცე დასძენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირების მოლოდინი არც ამ მორიგ სამარცხვინო შემთხვევაზე აქვს.
მოგვიანებით კოალიციამ მომხდართან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დღევანდელ ინციდენტს "პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მორიგ ნათელ მაგალითად" აფასებს.
"თავდასხმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია და ადასტურებს, რომ ხელისუფლება ქვეყანის მართვას "ტიტუშკების" დახმარებით, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს. დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, რაიონულ ოფისთან დაუდგენელი პირების, ე.წ ტიტუშკების მიერ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შენობიდან გამოსულ საბა ბუაძეს, რამაზ მანდარიას და ორგანიზაციის წევრებს ცივი იარაღით და ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა სხეულის დაზიანების მცდელობას. ადგილზე მისულ პოლიციას ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია. ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ ამოუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება. არ გამოკითხულა დაზარალებული მხარე, პარტიის წევრები, რომლებიც ასევე იყვნენ თავდამსხმელების სამიზნეები და თვითმხილველები. ამ დრომდე არ ამოღებულა გარე მეთვალყურეობის კამერები. აქვე აღვნიშვავთ, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში მარტივად შესაძლებელია. შსს-ის გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდასხმა წახალისებულია "ქართული ოცნების" ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი. ვაფრთხილებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ ერთი სამხილი იქნება მათ წინააღმდეგ" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.