
სალომე ზურაბიშვილი: "საქართველო ხვალ შეიძლება, ამერიკის დიდი წარმატება ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზე დომინაციაც რუსეთს სურს"
18/01/2025 21:06:05 პოლიტიკა
მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, "საქართველო ხვალ შეიძლება, ამერიკის დიდი წარმატება ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზე დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურდა და ახლაც სურს". ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ში საკუთარი სამუშაო ვიზიტის მიზნებზე საუბრისას განაცხადა.
ტელეწამყვანის კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილი შეეხო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან იმ საუბრებსაც, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო მიღების ფარგლებში გამართა.
„ეს [ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ოფიციალური შეხვედრები არ ყოფილა, ეს იყო შეხვედრები მიღებაზე, რომელიც ინაუგურაციამდე იმართება. ჩემი მიზანი იყო, მათ ყურამდე მიმეტანა საქართველოს საკითხი და პირველი კონტაქტები დაგვეწყო, ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება, ამერიკის დიდი წარმატება ან პირიქით, დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზე დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურდა (სურდა რუსეთის იმპერიას, შემდგომ - საბჭოთა კავშირს, ახლა - პუტინის რუსეთს]. დღეს რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც გაყალბებული არჩევნებით ადგილზე მისი მარიონეტი რეჟიმების დანიშნვაში მდგომარეობს. მათ არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ. და ეს იქნება კითხვა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღები გახლდათ, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა როგორც ენერგეტიკული, ისე სავაჭრო მარშრუტების კუთხით და ამასთანავე, იყო რეგიონში დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ბასტიონი. [...] ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“ - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ტელეწამყვანმა იკითხა, თუ ტრამპსა და პუტინს შორის კომუნიკაცია შედგება, რას ისურვებს სალომე ზურაბიშვილი, რომ ტრამპმა რუსეთის ლიდერს გადასცეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "ჩემი გზავნილი იქნება „ხელები შორს საქართველოსგან და მთლიანად კავკასიისგან!“:
"დაუშვებელია, რეგიონში კვლავ რუსეთის დომინაცია მივიღოთ. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც თვითმყოფადად არსებობს. კავკასია საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი და ამასთანავე, ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის სათანადო დონეზე იყო წარმოდგენილი. საკუთრივ საქართველო კი - ეს არის ქვეყანა, რომლის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას სურს, იყოს იმ ღირებულებების მქონე დიდი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ“.
ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია "არ დაუკავშირდება [ივანიშვილის] რეჟიმს, რომელიც ხალხს არ წარმოადგენს"
"დონალდ ტრამპს საფრანგეთში ამასწინანდელი საუბრისას ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, სანამ სიტუაცია ღია კრიზისში არ გადაზრდილა. მოგეხსენებათ, უკვე 53 დღეა, ქუჩებში გამოსული ხალხი აპროტესტებს მთავრობას, რომელსაც მანდატი არ გააჩნია, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს, საქართველო მის ევროატლანტიკურ გზას დააშოროს. ამიტომაც გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა. ტრამპმა, რომელიც მაშინ არჩეული პრეზიდენტი იყო, 20 იანვარს კი პრეზიდენტი გახდება, მითხრა, რომ ის იყო საქართველოში, აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება, რომ ამერიკელების გონებაში იყოს“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.