მამის სანქცირებიდან ოთხ დღეში უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში ახალი ფირმა დაარეგისტრირა

19-01-2025 11:03:50 პოლიტიკა ,სამართალი

„ატუ ჰოლდინგი“ (Atu Holding) - ასე ჰქვია საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტას ახალ კომპანიას - სააქციო საზოგადოებას, რომელიც მან საქართველოში იაპონიიდან ონლაინ აშშ-ის მიერ მამის დასანქცირებიდან 4 დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს სასწრაფო რეჟიმში დაარეგისტრირა.

კერძოდ, როგორც ტელეგადაცემა "მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, 27 დეკემბერს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებიდან 4 დღეში - 31 დეკემბერს საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“, რომლის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელი სწორედ უტა ივანიშვილია. ამ უკანასკნელმა ახალი კომპანია რეესტრში იაპონიიდან მინდობილობით - სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნატო ხაინდრავას მეშვეობით დაარეგისტრირა, მინდობილობა კი „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ - „სკაიპით“ ერთი დღით ადრე - 30 დეკემბერს შეადგინა.

ახალი ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბესიკ დემეტრაშვილია - ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წევრები - „ოცნების“ შემწირველები: ბიძინა ივანიშვილის ბავშვობის მეგობარი როსტომ ჩაბრაძე, რომელიც 2001 წლიდან მოქმედი „ასოციაცია ატუს“ გამგეობის თავმჯდომარეა და ოლიგარქის ახლო ნათესავი, უჩა მამაცაშვილის ძმა არჩილ მამაცაშვილი, რომელიც სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი გახლავთ. „ატუ ჰოლდინგის“ დირექტორად საბუთებში ფიქსირდება კახა კობიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, რომელიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.

შესაბამისი დოკუმენტაცია 31 დეკემბერს ნოტარიურად დაამოწმა ნოტარიუსმა ეკატერინა გვანცელაძემ.

კომპანიის მისამართად მითითებულია ილია ჭავჭავაძის გამზირი 39დ - „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, სადაც ბანკი „ქართუ“ ფუნქციონირებს.

ახალი ფირმის „ნებადართული კაპიტალი“, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეადგენს 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი - 100 000 ლარს, განაღდებული კაპიტალი კი - 25 000-ს. ერთადერთ აქციონერად უტა ივანიშვილია მითითებული.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ იაპონიაში მყოფი უტა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ერთგვარად ჩრდილში რჩებოდა - მისი სახელი არსად ფიქსირდება, მათ შორის - ივანიშვილის სანქცირების საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში და კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილის მასზე გადაფორმებაც ოლიგარქმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მათივე თქმით, თუკი სანქციები უტა ივანიშვილზე არ გავრცელდა, ოლიგარქი დასანქცირებით გამოწვეული პრობლემებისთვის თავის დაღწევას შეძლებს.

ცნობისთვის: შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN-ს - სანქციადაკისრებულთა სიას, რომლის ფიგურანტთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. თუმცა ოლიგარქის ოჯახის წევრები სიაში ამჯერად არ შეუყვანიათ.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

საქართველოს ფაქტიობრივი მმართველი მილიარდერის სანქცირების მიმართულებით პროცესები მიდის დიდ ბრიტანეთშიც. კერძოდ, თებერვალში თემთა პალატა შეუდგება ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი იმ წინანადების განხილვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას, რომელიც თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა, ამ დროისთვის ხელს 18 პარლამენტარი აწერს.

დიდ ბრიტანეთს უკვე დასანქცირებული ჰყავს "ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.

ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია, ჯამში კი 95-ზე მეტი ქართული ფირმა - „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს-იმპერია“დაზარალდება, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე.

TI-ს ინფორმაციით, ხსენებულ კომპანიებს შორისაა ქართუ ბანკი; ფონდი ქართუ; გალერეა თბილისი; აქსის თაუერსი; ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლების პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს (რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, რომლითაც ჯამში 25 პირის სანქცირებაა მოთხოვნილი); საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში, აბასთუმანში და სხვები; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს; ასევე რუსული შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები