Accentnews.ge
არჩილ ჯაველიძემ და რევაზ კაკულიამ საჯარო სამსახურების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს

არჩილ ჯაველიძემ და რევაზ კაკულიამ საჯარო სამსახურების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს

19/01/2025 10:37:05 პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი არჩილ ჯაველიძე 9 წლის შემდეგ საჯარო სამსახურს ტოვებს.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია", - დაწერა მან სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი "რადიო თავისუფლებასთან"საუბრისას განმარტა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საჯარო სამსახურებში დაწყებული რეორგანიზაცია არ შეჰხებია.

თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა რევაზ კაკულიამაც, რომლის პუბლიკაცია ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ტექსტს შეიცავს.

„მადლობა, საქართველო,პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის. თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის. ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით. მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს“, – დაწერა კაკულიამ სოციალურ ქსელში.

ბოლო პერიოდში, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების პარალელურად, რიგი მოხელეებისა თანამდებობას საკუთარი სურვილით და პროტესტის ნიშნად ტოვებს. ყველა მათგანი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია.

საჯარო მოხელეებმა სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ხმამაღლა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც "ქართულმა ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონი შეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული სამსახურიდან. მათ ნაწილს ამის შესახებ საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია და არც რომელიმე ორგანიზაციისთვის მიუმართავს სამართლებრივი დახმარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S