
„თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს“: გორში, სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
19/01/2025 08:51:38 პოლიტიკა
„თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს! მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გაიმართა დღეს დილიდან გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან აქცია, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მიტინგში მონაწილეობა მიიღო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხვია კასრაძის მეუღლემ - ელენე კროტენკო-კასრაძემაც, რომელმაც, კერძოდ, განუცხადა ჟურნალისტებს:
„რამდენიმე დღის წინ ბავშვის დაბადების დღე იყო და ციხეში შეხვედრის უფლება მოგვცეს. ნახა ბავშვმა და მას მერე ბედნიერი დადის. ვეფხო მხნედ არის. იცის, რომ არაფერი დაუშავებია და უსამართლობის მსხვერპლია. ამას არ შეეგუება. მებრძოლი და ოპტიმისტი ადამიანია. რაც არ უნდა დაბრკოლება გველოდებოდეს, მაინც გავიმარჯვებთ“.
ვეფხვია კასრაძე ომის ვეტერანია, ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში. არის ცხინვალის თეატრის მსახიობი. იბრძოდა 1990-იანებში აფხაზეთისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომებში, აქვს ვეტერანის სტატუსი. 2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან სახლი არ მიუტოვებია, ცოლთან ერთად იქ ხეხილი ჩაყარა, შინაური ცხოველები იყიდა და ფერმერობა დაიწყო, პარალელურად „ლელოში“ გაწევრიანდა და 2024 წლის არჩევნებზე პარტიის შიდა ქართლის კოორდინატორი იყო. ვეფხვია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს, მისი სახლი გაჩხრიკეს, დალუქეს და წაიღეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. კასრაძე ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის: 28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტია დაკავებული. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს.