
ღაზას სექტორში ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
19/01/2025 11:57:05 მსოფლიო
თითქმის 3-საათიანი დაგვიანებით ღაზას სექტორში ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.
შეთანხმების ამოქმედება ადგილობრივი დროით 8:30 საათიდან იყო დაგეგმილი, თუმცა "ჰამასმა" დათქმულ დროზე არ დაასახელა იმ 3 ებრაელი მძევლის ვინაობები, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს აპირებდა, ისრაელს კი გამოცხადებული ჰქონდა, რომ მათ დასახელებამდე ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტდა. საბოლოო ჯამში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შესახებ ადგილობრივი დროით 11:15 საათზე - "ჰამასის" მხრიდან მძევლების ვინაობების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა.
დღეს გასათავისუფლებელ მძევლებს შორის არიან 31 წლის დორონ სტეინბრექერი, 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.