Accentnews.ge
სამხრეთ კორეის დაკავებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მომიტინგეები სასამართლოში შეიჭრნენ

სამხრეთ კორეის დაკავებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მომიტინგეები სასამართლოში შეიჭრნენ

19/01/2025 08:04:35 მსოფლიო

სამხრეთ კორეის დაკავებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ასობით მხარდამჭერი ღამით სასამართლოსთან შეიკრიბა, ფანჯრები ჩაამტვრია და შენობაში შეიჭრა.

გამოცემა Yonhap-ის ინფორმაციით, პროტესტის დროს დაშავდა 9 პოლიციელი და 40-მდე დემონსტრანტი. დაკავებულია პროტესტის 46 მონაწილე.

ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტის დაკავების პირველი შემთხვევაა.

პრედისტორია

გასული წლის 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო ეთერით ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის "ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და გადატრიალების დაგეგმვა" დაასახელა, მიზნად - "პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა". მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა "საპარლამენტო პროცესი მძევლად აიყვანეს და ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ".

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტს და ხარჯების მკვეთრად შემცირება მოითხოვა, ასევე სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის მიმართ საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საკითხი დააყენა.

14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტს 204 მიემხრო, 85-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების რიგით მეორე შემთხვევა გახლდათ.

15 იანვარს სამხრეთ კორეის საგამოძიებო სამსახურმა იუნ სუკ იოლი გადატრიალების ბრალდებით დააკავა მას შემდეგ, რაც იგი დათანხმდა, "სისხლისღვრის ასარიდებლად უკანონო გამოძიებას დაჰმორჩილებოდა". პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, დაკავების ორდერი არაკანონიერია, რადგან "არასათანადო იურისდიქციის მქონე უწყების მიერაა გაცემული" და "პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოსაძიებლად შექმნილ გუნდს მსგავსი ქმედებებისთვის შესაბამისი მანდატი არ ჰქონდა".

18 იანვარს, 5-საათიანი მოსმენის შემდეგ სეულის დასავლეთის საოლქო სასამართლომ პრეზიდენტის წინასწარი პატიმრობის 20 დღით გახანგრძლივების შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ "არსებობდა გასული წლის 3 დეკემბერს, საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს, ამბოხებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურების რისკი".

მედიის ინფორმაციით, პროტესტის გამწვავება სწორედ პრეზიდენტის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, 19 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 03:00 სთ-ზე პრეზიდენტის მხარდამჭერები სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შენობის დამცველ პოლიციელთა კორდონს ცეცხლმაქრებიდან ქაფი დაუშინეს, შემდეგ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შიგნით შეიჭრნენ, სადაც საოფისე ტექნიკა, ავეჯი და სხვა ინვენტარი დააზიანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S