კობახიძის თქმით, შეიქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე კომისია

20-01-2025 11:40:18 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს საუნივერსიტეტო სისტემის გარდაქმნაზე.

„გვაქვს მნიშვნელოვანი, ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ვქმნით სამთვრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ 4 წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა.

თავისუფლადაა შესაძლებელი, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავერობო კომისია. სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებენ – მოადგილე იქნება ბატონი ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების და მეცნიერების საკითხებში. არც ერთი დღე არ უნდა ჩავაგდოთ, 4 წლის თავზე სრულად უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები