"ამდენი პირი ერთდროულად არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია" - ლონდა თოლორაია ბოლო 10 წლის შეწყალების სტატისტიკას აქვეყნებს

20-01-2025 12:04:30 პოლიტიკა ,საზოგადოება

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ბოლო 10 წლის შეწყალების სტატისტიკას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ “ამდენი პირი ერთდროულად არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია“.

თოლორაია ვარაუდობს, რომ “ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი“ და პროგნოზირებს, რომ „ამის შედეგები მალე გამოჩნდება“.

"ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს, ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინ დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს, საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.

ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი - 69, 2023 - 46, 2022- 23, 2021 - 18, 2020 - 20, 2019 - 47, 2018 - 362, 2017- 548, 2016 - 579, 2015 - 730, 2014 - 555, 2013 - 857.

არასამთავრობო სექტორია ,,გამჭვირვალობის კანონის” მომღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში“, - ამბობს თოლორაია.

19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები