
პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებული სტუდენტი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
20/01/2025 09:26:49 საზოგადოება
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებული სტუდენტი - 21 წლის გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღეს, 20 იანვარს, წინასასამართლო სხდომაზე გადაისინჯა.
გიორგი მინდაძის ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 11:00-ზე დაიწყება.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დედასთან ერთად ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დააკავეს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში, და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა.
54-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით.