კობახიძე ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის მადლობას უხდის

20-01-2025 13:46:52 პოლიტიკა ,სამართალი

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე "ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის მადლობას უხდის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო. 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით. მადლობა მინდა, გადავუხადო ასევე ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს - შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან - ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და მისცა საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, - ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ "ოცნების" პრეზიდენტის მიერ ერთბაშად 613 მსჯავრებულის შეწყალება არა "ჰუმანიზმის პრინციპითა" და "სახელმწიფო ინტერესით" იყო ნაკარნახები, როგორც ოლიგარქ ივანიშვილის სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდი ირწმუნება, არამედ იმით, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე მმართველ გუნდს შემდგომი რეპრესიებისთვის „სამუშაო ძალის“ მობილიზება სჭირდება.

იხილეთ ასევე: "ჰუმანიზმი" და "სახელმწიფო ინტერესი", თუ რეპრესიებისთვის „სამუშაო ძალის“ მობილიზება? - ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები