დავითაშვილი - დავოსის ფორუმში არმონაწილეობის მიზეზებზე: "წელს ეს შესაძლოა, არ ყოფილიყო პრიორიტეტი"

20-01-2025 15:45:46 პოლიტიკა ,ეკონომიკა

"ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის წლევანდელ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დღეს იხსნება და 24 იანვარს დასრულდება. მისი განცხადებით, წელს „ეს შეიძლება, არ ყოფილიყო პრიორიტეტი“.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს მმართველი გუნდი წლევანდელ ფორუმზე აღარ მიუწვევიათ.

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმში სამთავროვო დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიძლება, არ ყოფილიყო პრიორიტეტი. ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. წელს შეიძლება, ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული, წელს შეიძლება, სხვა პრიორიტეტი გვქონდეს, გამომდინარე არსებული ვითარებიდან. ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, კომუნიკაციას უწყვეტ რეჟიმში. ამის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული. გვექნება პოზიციტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ეს პროცესი არ ჩერდება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას რამდენიმე დღის წინ დაუდასტურეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლები წელს არც ერთ, არც მეორე ღონისძიებაზე მიუწვევიათ, თუმცა იქვე დასძინეს, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები