Accentnews.ge
ბურჯანაძე: იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის

ბურჯანაძე: იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის

20/01/2025 12:04:58 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე, - განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე ფონდის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბურჯანაძემ.

„28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. ეს უკანონო ქმედებები იყო და მიზნად ისახავდა პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ განხორციელებული ვიზიტების დროს ნანახი იქნა არაერთი პირი, გაკეთდა შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ შემდგომ საერთაშორისო გამოხმაურებების კვალდაკვალ შეიცვალა შეფასება. სახალხო დამცველმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წამებას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას და არადამოუკიდებლობას",- თქვა ბურჯანამძემ და საზოგადოებას შეახსენა საწყოს ეტაპზე ომბუდსმენის მიერ გაკეთებული განცხადებები:

  • "28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა 362 პირი და ამათგან 227 პირი საუბრობდა, რომ მათ მიმართ განხორციელდა ან წამება ან არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა. მათგან 158 პირს ჰქონდა ხილული დაზიანებები - ეს უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

მის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში საუბარია დაკავებულების დაზიანებაზე და იმაზე, რომ ბევრი დაკავებული ვერ ნახეს რწმუნებულებმა ფიზიკურად, რადგან დაკავებულები იყვნენ სასტიკად ნაცემი. 30 ნოემბერს იზოლატორიდან გამოსულმა ლევან იოსელიანმა კი ნანახს სიმხეცე უწოდა.

  • 1 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში იოსელიანი აღნიშნავს, რომ 44 დაკავებულიდან 38 საუბრობდა ძალადობაზე, ასევე საუბრობს მომიტინგეების ალყაზე და დასჯაზე როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ავტომობილებში".

ამ ფონზე, როგორც ბურჯანაძე იხსენებს, 17 იანვარს ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ "სახალხო დამცველი ვერ მოახდენდა ქმედებების წამებად დაკვალიფიცირებას და რომ აღნიშნული უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ გამოძიებას".

"გარდა ამისა თქვა, რომ ზოგადად წამების სისტემურობა გამორიცხულია და სისტემური მარტო “არასათანადო მოპყრობა“ შეიძლება იყოს და რომ წამება სისტემური ვერ იქნებაო. ეს არასწორი ინფორმაციაა და ბუნებრივია, არ შეესაბამება სიმართლეს".

ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის წამების პრევენცია:

"ეს როლი აქვს დეტალურად განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ეს უფლებამოსილება აქვს გაწერილი წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმითაც, რომელიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული და რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

ეს მექანიზმი და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი უფლებას აძლევს სახალხო დამცველს დახურულ დაწესებულებაში შევიდეს და მოინახულოს დაკავებული პატიმარი, ჩაუტაროს მას ექსპერტიზა. ეს ასევე გულისხმობს დაზიანებების დადოკუმენტირებას ე.წ. სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წამების ფაქტები დადოკუმენტირდეს, დასურათდეს და შემდგომ გამოდგეს საერთაშორისოდ შესაფასებლად. ლევან იოსელიანმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენ შემთხვევაში გამოიყენა ეს უფლებამოსილება. სახალხო დამცველს აღნიშნულის ტექნიკური შესაძლებლობა სრულად აქვს".

ბურჯანაძის თქმით, ლევან იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის, მოახდინა თუ არა ფოტოგადაღება, სტამბული პროტოკოლით დოკუმენტირება, გამოიყენა თუ არა თუ არა პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების და ექსპერტების რესურსი ამ ტიპის ძალადობების გამოსავლენად.

"მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ყოფილ კოლეგებს, რომელთა პროფესიონალიზმზე დგას დღეს სახალხო დამცველის აპარატი. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ტიპის სახალხო დამცველის ხელში ძალიან ბევრი რამის დოკუმენტირება შეუძლებელი ხდება. დეკემბერში და იანვარში, წამების ფაქტების დოკუმენტირება არასამთავრობო ორგანიზაციებს გვიწევდა“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S