ეთერ თურაძე: ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი, გვმართებს მეტად მობილიზება

20-01-2025 18:23:03 საზოგადოება

ეს არის ალბათ მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი ბრძოლის, რასაც ჰქვია რუსული მმართველობის სტილი, რასაც ჰქვია რუსული დევნა ჟურნალისტების,- თქვა 20 იანვარს „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ საუბრისას. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად საკვები არ მიუღია.

„მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ არ ვიცი, რაც ვნახე და რაც ჩემს ცნობიერებაში არის, ვიცი, რომ ეს არის პირველი ქალი პოლიტპატიმარი. ეს არის პირველი ქალი ჟურნალისტი, პირველი ქალი მედიამენეჯერი, რომელიც სისტემამ გაანეიტრალა, რომელსაც სისტემამ გამოუცხადა სასტიკი ბრძოლა",- ხაზი გაუსვა თურაძემ.

მისი თქმით, არავითარი დასაბუთება და საჭიროება იმის, რომ მზია ამაღლობელისთვის შეეფარდებინათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, არ არსებობდა, "არა მხოლოდ ვთქვათ, ადამიანურად და ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ არც სამართლებრივად": "მაგრამ სისტემა, რომელიც არის რეპრესიული, რომელიც ებრძვის ყველაფერ ნათელს, არ ითვალისწინებს არც ჰუმანიზმს და რასაკვირველია, არც სამართალს".

ის დარწმუნებულია, რომ სისტემის სამიზნე მედიაა:

"სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა, შესაბამისად ჩვენ ყველა, ამ ქვეყნის მოქალაქეები, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჟურნალისტები, ვიქნებით ამ სისტემის სამიზნეები, დარწმუნებული ვარ. ეს არის ალბათ მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი ბრძოლის, რასაც ჰქვია რუსული მმართველობის სტილი, რასაც ჰქვია რუსული დევნა ჟურნალისტების. ვიცით ჩვენ, გვინახავს, ვადევნებდით თვალს რუსეთში როგორ მიდიოდა მედიების განადგურება, ჩვენ ვართ ამ საფრთხის წინაშე როგორც ჩანს, ამ რისკების წინაშე, ამიტომ გვმართებს უფრო მეტად მობილიზება და უფრო მეტი ხმაური თუ უფრო მეტი აქტივიზმი.

ჩვენ გამოგვიცხადეს ბრძოლა, ჩვენ [„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ ვგულისხმობ] პრინციპში დავრჩით მთავარი ფიგურის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ამ საქმიანობის გაგრძელება გარწმუნებთ, ძალიან რთული იქნება ადამიანებს იმ სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, რა სახითაც ვაწვდიდით, ანუ საზოგადოების ინფორმირება ობიექტური, გადამოწმებული და ა.შ. ინფორმაციით, როგორც ჩვენი შიდა ეთიკა და რეგულაციები გვავალდებულებს, ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, გავაგრძელოთ ეს ბრძოლა.

ასევე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რომ არ გავჩერდეთ და არ მივცეთ სისტემას იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ შედგეს როგორც ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფო“.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები