ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
24/02/2020 08:29:37 მსოფლიო
ირანში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, ინფიცირებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის პრეს–სპიკერმა ასადოლაჰ აბასმა განაცხადა.
თურქეთმა, პაკისტანმა, ავღანეთმა, სომხეთმა, ერაყმა, საუდის არაბეთმა და აზერბაიჯანმა კორონავირუსის საფრთხის გამო ირანთან საზღვარი დაკეტეს. რაც შეეხება საქართველოს, თბილისმა ირანიდან და პირიქით ფიზიკური პირების გადაადგილება ჯერ მხოლოდ შეზღუდა.
"ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, მაგრამ დაწესდება მკაცრი შეზღუდვები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19–ს 2 619 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 79 000. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


