
პუტინი ტრამპს გაპრეზიდენტებას ულოცავს და დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს
20/01/2025 16:07:27 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურად გაპრეზიდენტებას ულოცავს და ადასტურებს დიალოგისთვის მზადყოფნას "საკითხთა ფართო სპექტრზე, უკრაინის კრიზისის ჩათვლით". რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამ წუთებში ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს
"მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა რუსეთთან ურთერთობების ნორმალიზებისა და ესკალაციის თავიდან აცილების მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციის ხედვის გამო. ჩვენ ვხედავთ ახლადარჩეული პრეზიდენტისა და მისი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების აღდგენის სურვილის თაობაზე - კონტაქტებისა, რომელიც რუსეთის ინიციატივით არ შეწყვეტილა. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, კონფლიქტის მოგვარებაში საკვანძოდ კრიზისის პირველადი, ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იქცეს, მიზნად კი - გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისა და ხალხების კანონიერი ინტერესების პატივისცემას უნდა დაეფუძნოს" - განაცხადა რუსეთის ავტორიტარმა ლიდერმა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა უკვე დაავალა თანაშემწეებს, უახლოესი დღეებისთვის პუტინთან სატელეფონო საუბარი დააორგანიზონ. მისი წყაროების ცნობით, საუბრის თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზების ძიებაც იქნება.