დეიმონ უილსონი: "#გაათავისუფლე! სოლიდარობა მზია ამაღლობელს!"

20-01-2025 20:14:32 პოლიტიკა ,სამართალი

"მჩაგვრელი თავისუფლებას ნებით არასოდეს იძლევა - თავისუფლება ჩაგრულებმა უნდა მოითხოვონ" - თქვა თავის დროზე მარტინ ლუთერ კინგმა. #გაათავისუფლე! სოლიდარობა მზია ამაღლობელს!" - ასე ეხმიანება მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმეს აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.

თავად მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ რეჟიმის წინაშე დანებებას არ აპირებს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მედიამენეჯერმა შიმშილობა გამოაცხადა.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“,- ნათქვამია "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის - მზია ამაღლობელის წერილში, რომელსაც "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები